მითხარი როგორი იატაკი გსურს

  და გეტყვი ვინა ხარ შენ

  პარკეტი.გე

  გამარჯობა

ლამინატი VS პარკეტი

სახლის რემონტი უამრავ საფიქრალს და თავსატეხს უკავშირდება. მშენებლობა-რემონტის სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის ეს განსაკუთრებით რთული პროცესია. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იატაკის საფარი გახლავთ. პრაქტიკულობა, გამძლეობა და სილამაზე - ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რასაც იატაკის საფარის შერჩევის დროს უნდა მოანიჭოთ უპირატესობა.

ბევრი ადამიანი დგას დილემის წინაშე- პარკეტი თუ ლამინატი? შევეცდებით ობიექტური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ორი პროდუქტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღება კი თქვენთვის მოგვინდვია.

ლამინატი 

პარკეტი თუ ლამინატი

ეს საფარი 1977 წელს შვედეთში გამოიგონეს და აქედან იწყება მისი ფართო გავრცელება დასავლეთ ევროპაში. სულ მალე ის ყველაზე გავრცელებულ იატაკის საფარად იქცა მსოფლიო მასშტაბით, რაც  განაპირობა იმან, რომ ლამინატი არის ხელმისაწვდომი, ვიზუალურად ლამაზი, ადვილად მოსავლელი და პრაქტიკული.

როგორია ლამინატის აგებულება? ლამინატი შედგება ოთხი ფენისგან. ესენია:

  1. ლამინირებული (დამცავი) ფენა;
  2. დეკორატიული ფენა, რაც განაპირობებს ვიზუალს;
  3. ნატურალური ხის ბოჭკოები HDF, ან  MDF;
  4. ლამინატის ქვედა PVC შრე (ძირი), რომელიც იცავს ფილას დეფორმაციისგან. 

ლამინატის მთავარი დადებითი თვისება გახლავთ ის, რომ არის პრაქტიკული მოხმარებაში და სწრაფად და მარტივად ხდება მისი მონტაჟი. იმისათვის, რომ ლამინატმა დიდხანს გაძლოს და თავდაპირველი სახე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს, აუცილებელია საფარის დაგებამდე ე.წ „სტიაჟკა" (მოჭიმვა) იყოს დასხმული სუფთად და სწორად. სხვა შემთხვევაში ლამინატი გამოსცემს ხმას და მალე დეფორმირდება. იატაკის დაგებისას, სითბოს უკეთ შესანარჩუნებლად გამოიყენება დამხმარე საფენები. საფენებიდან საუკეთესოა ქეჩა.

ლამინატის სახეობები ერთმანეთისგან კლასისა და სისქის მიხედვით განსხვავდება.  ბაზარზე არსებობს 6, 7, 8, 8.3, 10, 10.3 და 12მმ სისქის ლამინირებული იატაკი. ზოგადად რაც უფრო სქელია ლამინატი ითვლება, რომ უკეთესი ხარისხისაა.

ლამინატის კლასი შეირჩევა ოთახში იატაკზე დატვირთვის ინტენსივობის მიხედვით.  არსებობს 31, 32, 33 და 34 კლასის ლამინატი, რომელიც გამოიყენება სამრეწველო და საოფისე შენობებისთვის. ხოლო ბინისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 21, 22 და 23 კლასების ლამინატი. გავეცნოთ კლასიფიკაციას უფრო დაწვრილებით დატვირთვების მიხედვით: 

 21 – მცირე საოჯახო დატვირთვები (საძინებელი და სასტუმრო ოთახი)

 22 – საშუალო საოჯახო (საცხოვრებელი და სასადილო თახი)

 23 – ინტენსიური საოჯახო (სამზარეულო და შემოსასვლელი)

 31 – მცირე კომერციული (სასტუმროს ოთახები, მცირე ზომის ოფისები)

 32 – საშუალო კომერციული (დიდი ოფისები, ბუტიკები)

 33 – ინტენსიური კომერციული (სავაჭრო ცენტრები, დერეფნები)

 41 – მცირე ინდუსტრიული (ელექრტო და მსუბუქი პროდუქციის სახელოსნოები)

 42 – საშუალო ინდუსტრიული (საწყობები)

 43 – ინტენსიური ინდუსტრიული (საწარმოო ხაზის დარბაზები, სატრანსპორტო გზები)

ლამინატის იატაკის უპირატესობები:

  • უზარმაზარი არჩევანი დიზაინში, სხვადასხვა ხის ჯიშების, ქვისა თუ კერამიკის სტრუქტურების იმიტაციები;
  • მარტივი დაგების პრინციპი;
  • იატაკის ზედაპირი არ ზიანდება მარტივად; 
  • არ ხუნდება, ფერს არ იცვლის და არ იშლება მზეზე;
  • მოსავლელად არის ძალიან მარტივი; საკმარისია მტვერსასრუტი და გაწურული ტილო
  • ხელმისაწვდომი ფასი; 

ლამინატის იატაკის უარყოფითი მხარეები:

  • ლამინატი არ არის გამძლე ნესტის მიმართ. ოთახში, სადაც თუნდაც მცირე რაიოდენობითაა ნესტი, დაუშვებელია ლამინატის დაგება;
  • ლამინატის საფარი არ ექვემდებარება შეკეთებას. თუ ის დაზიანდა მისი აღდგენა შეუძლებელია, მას არ უკეთდება ციკლოვკა;
  • შესაძლოა ადვილად დეფორმირდეს, წყლის და ტენიანობის ზემოქმედებით;
  • სიარულის დროს გამოსცემს გარკვეული სახის ხმას და გააჩნია დაბალი ხმის იზოლაცია.
  • ცივია და საჭიროებს იატაკის გათბობის სისტემას.
  • დაბალი ხარისხის ლამინატი ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის მავნეა, ამიტომ თუ არჩევანს  ლამინატზე შეაჩერებთ, მაშინ უპირატესობა მაღალი ხარისხის ლამინატს მიანიჭეთ.

ლამინატის ყიდვა შეგიძლიათ აქ.

პარკეტი

ლამინატი თუ პარკეტი

ეკოლოგიური თვალსაზრისით, ნატურალურ მასალას არაფერი შეედრება! ამიტომ, პარკეტი ამ შემთხვევაში, უპირატესობით სარგებლობს. ხის იატაკის არჩევა თავისთავად გონივრული ნაბიჯია...

განასხვავებენ ორი ძირითადი სახეობის პარკეტს. ესენია: მრავალშრიანი და ერთშრიანი, რომელსაც ერთმანეთისაგან კონტსრუქცია განასხვავებს.

მრავალშრიანი პარკეტი შედგება ორი ან სამი ფენისგან, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მერქნის ურთიერთშეწებებით მზადდება. ზედაპირზე ძვირფასი ჯიშის, მაგალითად მუხის, კაკლის ხე გამოიყენება, შუა ფენად ნაკლებად ღირებული მერქანის მასალა, მაგალითად ნაძვი, იფანია გამოყენებული. ფუძედ სტაბილურობისთვის და ხის სუნთქვის დასაბალანსებლად მყარი ფანერის ფენაა. მრავალშრიანი პარკეტის ზედაპირი, ისევე როგორც მისი შემადგენელი ელემენტები, მუშავდება ქარხნული წესით.

სამშრიანი პარკეტი ფაბია

კლასიკური, ერთშრიან პარკეტი მზადდება მასიური ხისგან. მისი ზედაპირის დამუშავება ხდება დაგების შემდეგ.

ხის პარკეტი პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, ოთახში ინარჩუნებს სითბოს, ძლებს დიდხანს, ვიზუალურად ლამაზია. თუ ხარისხიანი მასალაა და კარგად არის დაგებული, 40-50 წელი უნდა გაძლოს. პარკეტი მაქსიმალურ დატვირთვას უძლებს, რომლის მეათედსაც ვერ უძლებს ლამინატი.

პარკეტისთვის ხის საუკეთესო წარმომადგენელი არის მუხა. ის თითქმის მარადიული მასალაა და ბაზარზე სხვადასხვა ზომებით და ვარიაცებით არის წარმოდგენილი. რაც უფრო დიდია პარკეტის სისქე, მით უფრო მაღალია იატაკის სიძლიერე და შესაბამისად იატაკის საფარიც მეტად  გამძლეა. ასევე, პარკეტის დასამზადებლად  პოპულარული მასალაა წიფელი, კაკალი. ხის თითოეულ ტიპს განსხვავებული ვიზუალი და თვისებები აქვს და განსხვავდება ფერით და სტრუქტურით. ეს საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად, ინტერიერის შესაფერისი საფარი შევარჩიოთ. 

პარკეტი ბევრად თბილია, ვიდრე ქვის, მეტლახის ან ლამინატის იატაკი. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა პარკეტზე ფეხშიშველი სიარული. ამიტომ პარკეტის იატაკი განსაკუთრებით რეკომენდირებულია საბავშვო და საძინებელ ოთახში.

პარკეტს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. თუ დასველდა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გაშრობა. პარკეტი დიდხანს გაძლებს, თუ მას მცირედით გაუფრთხილდებით და ოთახში სტაბილურ ტენიანობას შეინარჩუნებთ.

პარკეტის უპირატესობები:

  • ხე სუნთქავს. იგი კომფორტულ და თბილ გარემოს ქმნის სახლში;
  • არ იზიდავს მტვერს;
  • პარკეტის მრავალჯერ გაპრიალება, მოხვეწა და აღდგენაა შესაძლებელია. რაც უფრო სქელია ზედა ფენა, მით უფრო ხშირად შეიძლება მისი აღდგენა;
  • პარკეტი გამოირჩევა უნიკალური სილამაზით, მრავალფეროვანი ფერებით, ტექსტურით, რაც საშუალებას იძლევა აარჩიოთ ნებისმიერი სტილის ინტერიერის შესაფერისი  საფარი;
  • პარკეტი იატაკის საფარად ნიშნავს ბუნებასთან სიახლოვეს

პარკეტის უარყოფითი მხარეები:

  • პარკეტის მთავარი მინუსია მისი ფასი. რომელიც საკუთრივ პარკეტის ფასთან ერთად მოიცავს მასალების (ფანერა, წებო, ლაქი) და ხელოსნის ხარჯებსაც. საკუთარი ძალებით კლასიკურ პარკეტს ვერ დავაგებთ. ეს იატაკის მოწყობის ფასს ძალიან ზრდის. (ლამინატის და პარკეტის თვისებების კომბინაცია გვაქვს სამშრიან პარკეტში)
  • მისი მგრძნობელობა მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ. მზის ზემოქმედებით ხე დროთა განმავლობაში ფერს იცვლის. 
  • კლასიკურ პარკეტს ცუდი თბოგამტარობა აქვს, ამიტომ მის ქვეშ იატაკის გათბობის გაყვანა წყალში გადაყრილი ხარჯია.
  • პარკეტი რეაგირებს ტენიანობის ცვლილებაზე, ამის გამო იცვლება მისი ზომები და შეიძლება გაჩნდეს ღარები. ზამთარში, როცა გათბობაა ოთახში ჩართული საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალური დამატენიანებელი, რათა პარკეტი არ გამოშრეს და ზომაში არ შემცირდეს.
  • პარკეტი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბუნებრივი მასალა, შთანთქავს სუნს. მაგ. საკვების, თამბაქოს და ა.შ;

 

როგორც ხედავთ ლამინატსაც და პარკეტსაც აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოო ჯამში, არჩევანი თქვენს გემოვნებაზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ჩვენ გვჯერა ყველა სახის პარკეტის და ვენდობით მხოლოდ ხარისხიან ლამინატს.

წარმატებებს და თქვენი იატაკით დიდხანს ტკბობას გისურვებთ პარკეტი.გე-ს გუნდი

პარკეტი გე

 

 

 

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ