აკაციის პარკეტი - თბილი და მტკიცე ხასიათის იმპერატორი
აკაციის პარკეტი უფრო ძვირია ვიდრე მუხის, სახელი კი არც თუ ისე შორს აქვს გავარდნილი. მაშ რა უბიძგებს ზოგიერთ ხის მოტრფიალეს დიდი თანხები გაიღოს და მუხის, ან სხვა რამე ეგზოტიკური ჯიშის ნაცვლად იატაკზე აკაცია დააგოს? სად იმალება წონადი არგუმენტები, რომლებსაც ადამიანები აკაციის სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მიჰყავთ?
აკაცია - მინიმუმ გაგიგია ეს სახელი, შეიძლება მცენარეც გინახავს. ბევრგან ხარობს ჩვენთან.
თურმე ჩვენი აკაცია სინამდვილეში აკაცია არ არის, ცრუ აკაციაა. ანუ ის ჯიში, რაც ჩვენთან და ევროპაშიც იზრდება სხვა ოჯახს - რობინიას ოჯახს მიეკუთვნება. ნამდვილი აკაცია კი აფრიკულია. ნამდვილი აკაცია ზამთრის კლიმატის მიმართ მგრძნობიარეა, რობინია კი ნაკლებად და ამიტომ ფართოდ არის ევროპის კონტინენტზე გავრცელებული.
ორიგინალი - აფრიკული აკაცია |
ცოტა დაგაბნიე? მეც დავიბენი თავიდან. თუმცა რობინია და აკაცია ძალიან ჰგავსო ერთმანეთს ექსპერტები ამბობენ.
მოდი ჩვენში გავრცელებულ სახეობას ისევ აკაცია დავუძახოთ, როგორც აქამდე ვეძახდით, მისგან დამზადებულ პარკეტს - აკაციის პარკეტი. მით უმეტეს ევროპაშიც ბევრი ამ სახელს იყენებს და ახლა ამას შევხედოთ:
ქართლური, კახური – აკაცია; Rus. акация белая, лжеакация |
სვანური სახელი არ გვაქვს ბაზაში. საინტერესოა სვანურად რა ქვია. თუ იცი ფეისბუქზე მომწერე, ან პროდუქტის კომენტარში.
რაჭურ- ლეჩხუმურად ლობიოეკალას ან ლობიოს ხე ქვია; ლობიოს აკაციის ძირში თესავენ სიმაღლეზე რომ წავიდეს და ამიტომაც დაარქვეს ეს სახელი? თუ სხვა რამ მიზეზი არსებობს? რა საინტერესოა.
ხის სიმაღლე 30 მეტრამდე აღწევს. ტანი განიერი, მუქი ყავისფერია და ღრმად დაღარული რელიეფი აქვს.
ჩვენებური აკაციის ქერქი |
აკაცია ყვავილობს მაისიდან ივნისამდე. ყვავილი ასე გამოიყურება:
მაისში, როდესაც აკაციის ხეს ყვავილობის ჟამი უდგას, ირგვლივ ფუტკრების ზუილია. ამ დროს იქმნება აკაციის თაფლი. მაისის თაფლსაც ეძახიან. ღია, ნათელი ფერი აქვს. გაგისინჯავს?
გემოთი და სამკურნალო თვისებებით ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება აკაციის თაფლი. საუკეთესოთა რიგებშია აკაციის პარკეტიც.
აკაციის პარკეტის ოპტიკა
თბილი და სასიამოვნო ყავისფერი, არც ღია, არც ზედმეტად ჩამუქებული - ასე შეიძლება დავახასიათოთ პარკეტის საბოლოო ფერი. ოდნავ მოყვითალო ტონი უფრო აძლიერებს თბილფერობის აღქმას. ხის ხაზოვანი სტრუქტურა გამოხატულია. ინტენსივობა შეიძლება განსხვავდებოდეს სორტირების შესაბამისად, თუმცა საერთო ჯამში ეს პარკეტი ვიზუალურად ცოცხალი პროდუქტია.
ამ სითბოს და სიღრმეების გამო აფასებენ და უყვართ აკაციის პარკეტი. მას ბევრ ქვეყანაში ჰყავს თაყვანისმცემელი.
ინტერიერში ზედმეტად დომიმატური არ არის, დიდი დოზით არ გვახვევს საკუთარ თავს, თუმცა საკმაოდ პრეზენტაბელურია.
თუ ოთახში სითბოსა და მყუდროებას ვეძებთ აკაციის პარკეტი გამორჩეულად კარგი არჩევანია.
თვისებები
ვიზუალთან ერთად სიმკვრივე და გამძლეობა არის ამ პარკეტის დადებითი მხარე. ამ კრიტერიუმებით თავად მცენარეების მეფედ აღიარებულ მუხასაც სჯობნის. თუ მუხა მეფეა, აკაცია იმპერატორი გამოგვდის. ექსრემალური სიმკვრივის გამო, მისი ზედაპირის მექანიკურ დაზიანებას მონდომება და მოხერხება უნდა. ჩაღრმავებები და ნაკაწრები მასზე ძნელად იკიდებენ ფეხს.
კიდევ ერთი პლიუსი: აკაციის პარკეტი რეზისტენტულია სოკოების და ჭიების მიმართ. თუ ნებისმიერ სხვა ხის ნივთს გაუჩნდება ჭია, პარკეტთან დაკავშირებით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
დადებითი თვისებების ჩამონათვალს აგვირგვინებს განსაკუთრებული მდგრადობა ტენიანობის მიმართ. მართალია რეკომენდირებული არ არის აკაციის პარკეტი წყლით დავტბოროთ, თუმცა მცირე კონტაქტი წყალთან და სველი ტილოთი იატაკის წმენდა აკაციისთვის საზიანო არ არის.
ტენიანობის, წყლის და ორთქლის მიმართ მდგრადობის გამო აკაცია ხშირად გამოიყენება სამზარეულოს და აბაზანის ავეჯის დასამზადებლად. ასევე აკაციას იყენებენ გარე გამოყებენითაც მაგალითად ღობეების, ვენახის საყრდენად და ტერასებად. კეთდება გარე ავეჯი.
ვისაც აკაციასთან მუშაობა უწევს ამბობს, რომ დასამუშავებლად ძალიან ძნელი ჯიშია. ლურსმნის დაჭედებაც კი რთული ყოფილა. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის აკაციასთან ურთიერთობას.
აკაციის სკამი კახეთში |
ჩამოთვლილი თვისებები აკაციის პარკეტს ერთ-ერთ პოპულარულ პროდუქტად აქცევს პარკეტის გურმანებში.
პლიუსებთან ერთად აკაციის პარკეტს აქვს ერთი მინუსიც: ის ადვილად ადაპტირდება გარემოს ტემპერატურასთან და ამის გამო რაღაც დოზით კუმშვა-გაფართოება ახასიათებს. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ მისი იატაკის გათბობაზე დაგება არ არის რეკომენდირებული. ჩვენში იატაკის გათბობა არც თუ ისე გავრცელებელია ხის იატაკზე და ეს მინუსი სათვალავში მისაღები არ არის.
შეიძლება ცალკე გამოვყოთ მისი სითბური თვისებები. კარგად იწვის. ბუხრიდან გამოსული სითბო ღრმად შედის ორგანიზმში და ძვლებს გითბობს, თუმცა ბუხარში შეშად გამოყენება ცოტათი საფრთხილოა. წვისას აკაციის შეშას ტკაცატკუცი გასდის და ბუხრიდან ელვარე ნაკვერჩხლებს გამოისვრის ხოლმე. ყურადღებით უნდა ვიყოთ ტანსაცმელი არ დაგვეწვას ან ბევრად უარესი - ხანძარი არ გაჩნდეს . ტანსაცმლის გაფუჭებას კიდევ აიტანს კაცი, სახლის დაწვა კი უკვე სერიოზული პრობლემების კატეგორიაში მოიაზრება.
ეს არის, რისი თქმაც გამომივიდა დღეს აკაციის პარკეტზე. შენ რა თვისებებს იცნობ აკაციის? დამიმეგობრდი და მომწერე ფეისბუქზე ან ინსტაგრაზე. გამიხარდები.
საოცნებო ხის იატაკს გისურვებ საოცნებო სახლში.
შენი ნინი
პოსტ სკტიპტუმ ვიღაც მინდა გაგაცნო. აკაციის მზენაცხუნებ ძელსკამზე ასკუპებელი გოგონა ლიზაა. აკაციის ჭეშმარიტი დამფასებელი, ჩვენი მეგობარი და ბაბუს ვარსკვლავი.