სალამი, მახარებს, აქაც რომ შემოიხედე.
გაინტერესებს როგორ უნდა მოვუაროთ ხის იატაკს? როტორიკული კითხვა დაგისვი, რადგან ვიცი შენი პასუხი: დიახ, ამიტომაც მოხვედი ამ გვერდზე.
ოდესმე ხის იატაკს მზერით მოფერებიხარ?
ხე, ფიცრად ფორმაცვლილიც ცოცხალი ორგანიზმია. უკვე მიწიდან აღარ საზრდოობს, ფოთილი არ მოსავს, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება... და რადგან ცოცხლობს მასაც სურს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მუდამ ფორმაში იყოს.
ჩვენი დახმარების გარეშე მალე დაიღარება, კანი გადაექერცლება და მალე ჩამობერდება. ერთად ვიფიქროთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ იატაკი თავს კარგად გრძნობდეს და პოზიტივს „გვაფრქვევდეს“. დიდხანს დიდხანს... თანახმა ხარ?
კარებთან ნუ დგახარ, შემოდი და მოშინაურდი. იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში. (გაქვს სახლი იმედია, უსახლკაროს არ გავხარ:))
ჩაის ხომ მიირთმევ? დაგისხამ და გავაგრძელოთ.
თავმოყვარე ქალისთვის გარკვეული ასაკის შემდეგ კოსმეტიკაზე თანხის დაზოგვა და უხარისხო საცხების გამოყენება gelinde gesagt მავნებლობაა. (gelinde gesagt გერმანულია და ქართულად ითარგმნება "რბილად რომ ვთქვათ". მიყვარს ეს ენა. ხანდახან ჩავრთავ ხოლმე გერმანულ ფრაზებს, მედიდურობაში ნუ ჩამომართმევ ? შენ რომელი უცხო ენა გიყვარს?)
კოსმეტიკაზე აზრს რომ მივყვეთ - იგივე ეხება ხის იატაკს იმ განსხვავებით, რომ იატაკს კოსმეტიკა თავიდანვე სჭირდება, ანუ ბავშვობიდანვე. იატაკის კოსმეტიკაში იგულისხმება ლაქი, ზეთი ან ზეთი მყარი ცვილით, რომლებიც დაიტანება იატაკზე მოხვეწის შემდეგ. რა უნდა გავითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას ამაზე ცალკე ვისაუბროთ თუ დაგაინტერესებს.
ახლა ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რომ უკვე დავზეთეთ ან დავლაქეთ იატაკი. მოგვწონს აშკარად, ის არის, რასაც მოველოდით. მოლოდინზე ცოტათი მეტიც არის და ეს ჰარმონია გვინდა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ როგორ?
რამ შეიძლება დააზიანოს იატაკის საფარი?
იატაკი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ოპტიმალირ ფორმას თუ მას გაუფრთხილებლობით არ დავაზიანებთ.
ვიზუალის პირველი მტერი სხვადასხვა სიღრმის ნაკაწრებია. და საიდან ჩნდებიან ისინი? ბასრი და უხეში ზედაპირების ზემოქმედებით. ეს არის პირველ რიგში სკამები, მაგიდები, სავარძლები და სხვა მოძრავი ავეჯი. ამიტომ
რჩევა ნომერი 1 : ყველა მოძრავ ავეჯს გავუკეთოთ სპეციალური ქეჩები. სხვადასხვა ზომაზე დაჭრილი იყიდება. არის წებოზე და ლურსმანზეც.
რჩევა ნომერი 2 : დავაგოთ ხალიჩა კარებთან.
თუ სახლშიც გარე ფეხსაცმლებით დავდივართ, (რაც ჰიგიენის ნორმების გათვალისწინებითაც მიუღებელია) ვეცადოთ კარებთან დავაფინოთ ხალიჩა, რომელიც შეაკავებს ფეხსაცმლის მტვერს. თუ ამას არ გავაკეთებთ მტვერს ფეხსაცმლის ძირებზე იგივე ეფექტი აქვს რაც ზუმფარას. ანუ იატაკზე მტვრიანი ფეხსაცმლით რომ დავდივართ, ფეხით "ვშქურკავთ" იატაკს.
ეს არის კარებთან დასაფენი ხალიჩა. წარწერა "Salve" ლათინურიდან მოდის და ნიშნავს გაგიმარჯოს.
ვაიმარში, გოეთეს საცხოვრებელ სახლში თუ მიხვალ სტუმრად, იგივე წარწერა დაგხვდება შესასვლელთან იატაკზე ამოტვირთული. ერთი პარატა დასახლებაა ვაიმარი გერმანიის ურბანული მასშტაბებით, მაგრამ კულტურით სავსე. გოეთესა და შილერის გარდა ბევრ სხვა გენიოსს უცხოვრია. აი ეს კარიბჭეც ამოვძებნე შენთვის.
რჩევა ნომერი 3 : შორს ჩვენი იატაკიდან კენჭები, ლურსმნები, კოსმოსური მეტეორების ანასხლეტები და სხვა დაუდგენელი წარმომავლობის წარმონაქმნები. თუ მსგავს რამეს შევამჩნევთ, წამებში "ა(ღ)ვგავოთ პირისაგან იატაკისა".
განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია ფექსაცმლის ძირებზე გამაგრებული კენჭები. შეხედე, თითქოს წივილიც ჩაგვესმის ყურში.
თუ ძირმუხლუხა ფეხსაცმელი გვაცვია და მასში კენჭმა იბუდა, კართან დაგებული ხალიჩა არ გვშველის. აქ ორი ვარიანტია:
ან ვიხდით ფეხსაცმელს,
ან თუ ფეხსაცმელს ოთახშიც ვერ ველევით, დროებით მაინც უნდა გავიძროთ, (ფეხისთვისაც კარგია) კენჭები სათითაოდ ამოვაგდოთ და შემდეგ ისევ ჩავიცვათ. პარკეტი მადლობას გვეტყვის.
ასე თავიდან ავიცილებთ პარკეტის საფარის დაკაწვრას და დაჩხაპნას, რადგან არ არსებობს არც ლაქი და არც ზეთი, რაც აი ამ პარკეტის კოშმარს მეტნაკლები დაზიანების გარეშე გადაურჩება.
რჩევა ნომერი 4 : ყურადღება უნდა მივაქციოთ მტვერსასრუტის თავს. მეტალი ან პლასტმასი ხომ არ ეხება იატაკს. სასურველია გამოვიყენოთ სპეციალური თავები პარკეტისთვის.
რჩევა ნომერი 5 : ნაკლები წყალი იატაკზე.
5ა. თუ იატაკზე სითხე დაგვექცა ვეცადეთ დიდხანს არ დავაყოვნოთ და სწრაფადვე ავამშრალოთ.
5ბ. ზოგიერთი დიასახლისი ფიქრობს, რაც მეტ წყალს გამოიყებენს პარკეტის გასაწმენდად მით უკეთესია. ისეთებიც უნახავთ, ვინც ტაფის სახეხებით ხეხავს პარკეტს. (ტაფასაც არ ინდა რკინით ხეხვა) კატეგორიულად დაუშვებელია.
ხე და წყალი კარგად თანაცხოვრობენ ერთადერთ შემთხვევაში: მაშინ როდესაც ხე სრულად წყალშია ჩაძირული. ამ შემთხვევაში ხე დაზიანების გარეშე საუკუნეებს უძლებს, ამის მაგალითია მუხის ძელებზე აშენებული ვენეცია ან ამსტერდამი, მაგრამ საკმარისია ხე წყლიდან ამოვიტანოთ, ანუ როგორც კი მესამე სტიქია - ჰაერი ერთვება საქმეში, ფორმირდება ხისთვის დამღუპველი სასიყვარულო სამკუთხედი.
ნაკლები წყალი დალაგების პროცეში პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ ტილო კარგად გავწუროთ.
რჩევა ნომერი 6 :
იატაკის ტილო უნდა იყოს რბილი. თუ ტილო წვრილბოჭკოვანი სტრუქტურისაა ის იმოქმედებს იატაკზე როგორც ზუმფარა და დროთა განმავლობაში იატაკის საფარს აუცილებლად დაასვამს თავის უშნო დაღს. უნდა გამოვიყენოთ მსგავსი სტრუქტურის ტილოები
რჩევა ნომერი 7 :
სველი წესით (კარგად გაწურული ტილოთი) იატაკის მოწმენდა რეკომენდირებულია მაქსიმუმ კვირაში 2 ჯერ.
რჩევა ნომერი 8 :
თუ გამოვიყენებთ სპეციალურ, ხის იატაკისთვის განკუთვნილ საწმენდ საშუალებებს იატაკი ბევრად უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ხიბლს და ახალგაზრდობას.
ეს საშუალებები მცირე რაოდენობით იხსნება საწმენდ წყალში და არა მხოლოდ ასუფთავებენ, არამედ აღადგენენ საფარს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლაქიან იატაკს სხვა მოვლის საშუალება სჭირდება და დაზეთილ იატაკს სხვა.
შენ ხომ არ გახსენდება რამე დამატებით? შენი პარკეტი დალაქულია თუ დაზეთილი? გაგატან საწმენდ საშუალებას. მოსინჯე.
მომწონს შენთან. ვიმეგობროთ
შენი ნინი